ტელეკომპანია „ობიექტივი“ რუსულ ენაზე გაშვებული გადაცემის გამო დაჯარიმდა
27/08/2020 15:36:11 საზოგადოება
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ობიექტივი“ ეთერში რუსულ ენაზე გაშვებული გადაცემების გამო 5000 ლარით დააჯარიმა და პროგრამის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა „ყველას გასაგონად“ „ობიექტივის“ ეთერში რუსულ ენაზე 25 აგვისტოს გავიდა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, „ობიექტივმა“ დაარღვია დასაშვები ხანგრძილივობა და განათავსა გადაცემა სახელმწიფო ენაზე სუბტიტრების გარეშე, რისი ვალდებულებაც ჰქონდა.
კომუნიკაციების კომისიის დადგენილებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები არასახელმწიფო ენაზე განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს.
ამასთან, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს. მაუწყებელი ასევე ვალდებულია, პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით.


