რატიანი – შატილის გზაზე დაშავებულებზე: „მდგომარეობა დადებითია“
27/08/2020 08:26:19 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ცნობით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია, თუმცა, სამივე პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება.
„პაციენტების მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით დადებითი დინამიკა აღინიშნება. ორ მათგანთან წნევა გახდა სტაბილური, ანუ, შოკის კლინიკა მოიხსნა.
კლინიკურ ლაბორატორიული მდგომარეობით და ასევე, ობიექტური მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია“, - განაცხადა რატიანმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ პაციენტების გამოჯანმრთელება გაგრძელდება:
„შემოსვლისას პაციენტების მდგომარეობა იყო კრიტიკული. კლინიკურად სახეზე იყო პოლიტრამვა, სიცოცხლესთან შეუსაბამო მდგომარეობით, რაც გულისხმობდა, რომ იყო მკვეთრი არასტაბილური გემორაგია, მძიმე ტრავმულ-გემორაგიული შოკი. ნევროლოგიური სტატუსი ფასდებოდა, როგორც სამი ქულა და იყო სამივე მათგანთან მწვავე რესპირატორული სინდრომი. ამ ეტაპზე მოხსნილია მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომის დიაგნოზი. ორ მათგანთან მოხსნილია ტრავმულ-გემორაგიული შოკის დიაგნოზი. ნევროლოგიური სტატუსი გაუმჯობესებულია. იმედია, ასეთი დადებითი კლინიკით გაგრძელდება მათი გამოჯანმრთელება“.
შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას 17 პირი ემხვერპლა, სამინკი კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს.


