გერმანიამ ქვეყანაში რიგი საპროტესტო აქციების გამართვა აკრძალა
26/08/2020 14:10:58 მსოფლიო
გერმანიამ ქვეყანაში რიგი საპროტესტო აქციების გამართვა აკრძალა. კერძოდ, ბერლინში აიკრძალა დემონსტრაცია, რომელზეც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების გაპროტესტებას გეგმავდნენ.
ხელისუფლების გადაწყვეტილების შესაბამისად, 29–30 სექტემბერს ბერლინის ქუჩებში ათასობით პოლიციელს განალაგებენ, რათა არ დაუშვან საპროტესტო აქციის გამართვა.
როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი რეკომენდაციების არდაცვაა.
"ჩვენ ჯერ კიდევ პანდემიის შუაგულში ვიმყოფებით. ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იზრდება. ამ ფონზე იმართება მარშები და დემონსტრანტები არც პირბადეებს ატარებენ და არც სოციალურ დისტანციას იცავენ. ასეთი საქციელი მიუღებელია", – განაცხადა ბერლინის შინაგან საქმეთა სენატორმა ანდრეას გიეზელმა.
შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს ბერლინში მასშტაბური აქცია გაიმართა. დაახლოებით 20 000–მა პირმა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა და Covid-19-ის სავარაუდო ვაქცინის წინააღმდეგ გამოვიდა.
გერმანიაში ბოლო პერიოდში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. სპეციალისტები ახალი შემთხვევების ზრდას "მოქალაქეების დაუდევრობასა" და იმპორტირებულ შემთხვევებს უკავშორებენ.
უკანასკნელი მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით 237 572 ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა 9 345-ს აღწევს.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 823 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 000 000–ს გადააჭარბა, 16 614 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1436-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1150 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.


