უკრაინა კარანტინის რეჟიმს ოქტომბრის ბოლომდე ახანგრძლივებს და ქვეყანაში უცხოელების ჩასვლას კრძალავს
26/08/2020 12:01:40 მსოფლიო
Covid-19-ის ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო უკრაინა კარანტინის რეჟიმს ოქტომბრის ბოლომდე ახანგრძლივებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა დენის შმიგალმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უკრაინაში შესვლა 29 აგვისტოდან 28 სექტემბრამდე აიკრძალება. კონკრეტულად რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეეხება აკრძალვა, პრემიერს არ დაუკონკრეტებია.
ამასთან, როგორც დენის შმიგალმა განაცხადა, მთავრობა აუხლოეს მომავალში გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, აიკრძალება თუ არა დიდი საჯარო თავყრილობები ქვეყანაში.
უკანასკნელი მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით 110 085 ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა 2 318-ს აღწევს.
ცნობისათვის: მსოფლიოში COVID-19–მა 823 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 000 000–ს გადააჭარბა, 16 614 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1436-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1150 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.


