საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ყველაზე მკვეთრად თურქეთში იზრდება
26/08/2020 07:35:53 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ყველაზე მკვეთრად თურქეთში იზრდება. კერძოდ, ბოლო პერიოდში თურქეთში კორონავირუსით ყოველდღიურად საშუალოდ 1300 ადამიანი ინფიცირდება. 15 ივნისის შემდეგ პირველად, 25 აგვისტოს თურქეთში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 1502 ადამიანი დაინფიცირდა და 24 გარდაიცვალა.
რაც შეეხება რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ბოლო პერიოდში სამივე ქვეყანაში ვითარება მეტ–ნაკლებად დასტაბილურდა და კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა არც ერთ სახელმწიფოში არ ფიქსირდება.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია.
- თურქეთი: 261 194ინფიცირებული, 6 163 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 35 559 ინფიცირებული, 521 გარდაცვლილი
- სომხეთი: 42 936 ინფიცირებული, 858 გარდაცვლილი
- რუსეთი: 966 189 ინფიცირებული, 16 568 გარდაცვლილი
ცნობისათვის: მსოფლიოში COVID-19–მა 823 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 000 000–ს გადააჭარბა, 16 614 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1436-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1150 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.


