რატიანი – შატილის გზაზე დაშავებულებზე: "ჰემოდინამიკის პარამეტრები უფრო სტაბილური ხდება"
25/08/2020 15:02:39 საზოგადოება
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ სამივე პაციენტთან უარყოფითი დინამიკა არ აღინიშნება.
"ამ ეტაპზე სამივე პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. ბოლო რამდენიმე საათია უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, პირიქით, ჰემოდინამიკის პარამეტრები უფრო სტაბილური ხდება. უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება არც კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებში. აღდგენილია ჰემოდინამიკა ერთ ქალბატონთან. დანარჩენ 2 პაციენტთან ჰემოდინამიკა არასტაბილურია, მაგრამ დოზა მკვეთრად არის შემცირებული დილის საათებთან განსხვავებით. ნევროლოგიური მდგომარეობა უცვლელია. მდგომარეობა ფასდება მძიმედ მაგრამ, ვინაიდან უარყოფითი დინამიკა არ გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ დადებით დინამიკას უნდა ველოდოთ", – განაცხადა ლევან რატიანმა
ცნობისთვის: 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ტრაგიკულ შემთხვევის გამო 25 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.


