შატილის გზაზე დაღუპულების ოჯახის წევრებს, რომლებიც უცხოეთიდან ბრუნდებიან, მაქსიმუმ, 24–საათიანი კარანტინის გავლა მოუწევთ
25/08/2020 11:43:56 საზოგადოება
საქართველოს მთავრობა მზად არის, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, საჭიროებისამებრ დახმარება აღმოუჩინოს,– იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრაგედიისას დაღუპულთა საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრები საქართველოში დაბრუნებისას, გამონაკლისის სახით, დახმარებას ითხოვდნენ საზღვრის კვეთისა და შემდგომ პროცედურებში.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ოჯახის წევრების ქვეყანაში უსაფრთხოდ და დაუბრკოლებლად შემოსვლის პროცესს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობოთ მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს საოპერაციო შტაბი.
ცნობილია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრი საქართველოში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვა. ასევე შედგა კომუნიკაცია ისრაელში საქართველოს საელჩოდან და სხვა გარდაცვლილის ოჯახის წევრები ისრაელიდანაც ჩამოვლენ.
საქართველოს მთავრობის თანახმად, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, დაღუპულთა ოჯახის წევრებს საზღვარზე ცალკე გამოყოფილი ავტომობილები დახვდებათ. მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მაქსიმუმ, 24 საათში შეძლებენ კარანტინის დატოვებას და შემდეგ უკვე ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება.
ცნობისთვის: შატილის გზაზე ავტოკატასტროფას 17 პირი ემსხვერპლა, სამი კი კრიტიკულ მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფება.
საქართველოში დღეს გლოვის დღეა.


