"მე–19 გარდაცვლილი კოვიდ–ინფიცირებული ბინაზე მკურნალობდა, მასთან დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა"
25/08/2020 07:10:20 საზოგადოება
"მე–19 გარდაცვლილი კოვიდ–ინფიცირებული ბინაზე მკურნალობდა, მასთან დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
"მე–19 პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ–ბარძაყის სახსრის მოტეხილობა. იყო ჭარბწონიანი. პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე. მას უვლიდა მისი და, ისიც ასევე კოვიდ–ინფიცირებული. მათი მეთვალყურეობა ხდებოდა ჩვენს მიერ. უშუალოდ მე მქონდა პაციენტის დასთან კუმუნიკაცია. დაავადება ორივესთან თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგოც ახასიათებს ასეთ მოტესილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო", – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, გარდაცვლილი პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერს უკავშირდება.
როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, მე–19 პაციენტს დაავადება 19 აგვისტოს დაუდასტურდა. პაციენტის და ამჟამად სტაციონარშია გადაყვანილი.
რაც შეეხება, კორონავირუსის ბოლო 24 საათში გამოვლენილ 8 ახალ შემთხვევას, ეზუგბაიას თქმით, ერთის ინფიცირების წყარო არის ლენჯერი, ორი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 4 შემოტანილია, აქედან 3 სატვირთოს მძღოლია და ერთი მედპერსონალია.
მისივე თქმით, კოვიდ–ცენტრებში კვლავ 5 კრიტიკული და 23 მძიმე პაციენტი რჩება, ხოლო დანარჩენ ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1429-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1150 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.


