„რადგანაც ნარჩუნდება ვიტალური პარამეტრები, ვიმედოვნებთ, რომ სამივე დაიწყებს გამოჯანმრთელებას"
24/08/2020 14:18:42 საზოგადოება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ცნობით, შატილის გზაზე ავარიის დროს დაშავებული სამივე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ორს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
"სამივე ქალს შემოსვლისას ჩაუტარდა გადაუდებელი კვლევები, რის შემდეგაც მოთავსდნენ რეანიმაციულ განყოფილებაში. სამივე ქალატონის მდგომარეობა რჩება კრიტიკული, თუმცა აღსანიშნავია, რომ ორთან ჩატარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია.
სამივეს მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ვინარჩუნებთ ვიტალურ (სასიცოცხლოდ აუცილებელ) პარამეტრებს. რადგანაც ნარჩუნდება ვიტალური პარამეტრები, ვიმედოვნებთ, რომ გაგრძელდება ასე და სამივე მათგანი უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამოჯანმრთელებას.", - თქვა რატიანმა.
23 აგვისტოს შატილის გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც ადგილობრივი ტურისტები გადაჰყავდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მიკროავტობუსში 20 პირი იმყოფებოდა. ავარიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა, სამი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.
როგორც ცნობილია, ტურისტები დილის ხუთ საათზე თბილისიდან გავიდნენ და შატილიდან უკან საღამოს უნდა დაბრუნებულიყვნენ. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს ტექდათვალიერება ჯერ კიდევ თვენახევრის წინ უნდა გაევლო.
25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.


