ბელარუსში ოპოზიციონერთა დაკავებები გრძელდება
24/08/2020 10:49:56 მსოფლიო
ბელარუსში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი დააკავეს. დაკავებულია ოლგა კოვალკოვა და სერგეი დილევსკი, რომლებიც „მინსკის ტრაქტორის ქარხნის“ გაფიცულ თანამშრომლებთან მივიდნენ.
როგორც საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრის ოლგა კავალკოვა აცხადებს, დაკავებულებს არასანქცირებული მასობრივი ღონისძიებების ორგანიზებაში სდებენ ბრალს.
შეგახსენებთ, რომ ოლგა კოვალკოვა ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის სვეტალანა ციხანოვსკაიას ნდობით აღჭურვილი პირია.
ცნობისთვის: ბელარუსში პროტესტი მე–16 დღეა გრძელდება. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.
აშშ-მა ბელორუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.


