ლიეტუვა: "ბელარუსის MI-24 ტიპის ვერტმფრენმა ჩვენი საზღვარი გადმოკვეთა"
24/08/2020 09:35:52 მსოფლიო
ლიეტუვა ბელარუსს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს. აღნიშნულის გამო ლიეტუვაში ბელარუსის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს.
"24 აგვისტოს ბელარუსის MI-24 ტიპის ვერტმფრენმა ლიეტუვის საზღვარი დაარღვია. ელჩი დაბარებულია საგარეო უწყებაში. მას გადაეცემა საპროტესტო ნოტა", – აცხადებენ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მანამდე მინსკმა დაადანაშაულა ვილნიუსი, ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევის მცდელობაში:
"ბელარუსის საჰაერო ძალებმა ლიეტუვის მხრიდან მომდინარე პროვოკაცია აღკვეთეს, კერძოდ, ამ ტერიტორიიდან ბელარუსის მიმართულებით გამოუშვეს ანტისახელმწიფოებრივი სიმბოლოებით აღჭურვილი 8 საჰაერო ბურთი".
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლიეტუვა მომიტინგეების მხარდასაჭერად გამოშვებული საჰაერო ბურთებით ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევას ცდილობდა.

ცნობისთვის: ბელარუსში პროტესტი მე–16 დღეა გრძელდება. გუშინ ბელარუსში მასშტაბური აქციები გაიმართა. ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად ვილნიუსიდან ლიეტუვა-ბელარუსის საზღვრამდე 32-კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. აქცია-პერფორმანსში 50 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე და ქვეყნის მოქმედი ლიდერი გიტანას ნაუსედა.
9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.
აშშ-მა ბელორუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.


