სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ
24/08/2020 09:20:25 საზოგადოება
24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე გამოიდარებს, – ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სინოპტიკოსები პროგნოზირებენ.
„დღის პირველ ნახევარში, შავი ზღვისპირეთსა და მთიანი რეგიონების უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, თუმცა, დღის მეორე ნახევრიდან, სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას პროგნოზირებენ“,– აცხადებენ სააგენტოში.
ამინდის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც. 25 აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შედარებით გამოიდარებს და 26 აგვისტოდან ტემპერატურა 30-34 გრადუსამდე მოიმატებს. ეს მაჩვენებელი კი, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე, როგორც მთაში, ისე – ბარში შენარჩუნდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში, 25 აგვისტოდან 30-დან 35 გრადუსამდეა მოსალოდნელი.


