ადგილობრივები შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ ყვებიან
24/08/2020 09:04:32 საზოგადოება
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული ავარიის დეტალებს, რასაც 17 ადამიანი ემსხვერპლა, ადგილობრივები ყვებიან. კერძოდ, ისინი იხსენებენ, რომ ავარიამდე რამდენიმე წუთთ ადრე სოფელში მიკროავტობუსი გააჩერეს და თაფლი შეიძინეს. თვითმხილველების თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში არც ერთი მათგანი არ იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც მიკროავტობუსმა გზა განაგრძო, ადგილობრივებმა შეჯახების ხმა გაიგეს, ხევში დასახმარებლად ჩასულებს კი ოთხი პირი ცოცხალი დახვდათ.
ადგილობრივები იხსენებენ, რომ სამაშველო სამსახურის ადგილზე მისვლამდე დაშავებულების დახმარებას მუშები [სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდნენ გზაზე] და ადგილობრივები ცდილობდნენ, თუმცა ვინაიდან მგზავრები ამოყირავებულ მიკროავტობუსის ქვეშ იყვნენ, დახმარება უჭირდათ.
„შეიძლება ტექნიკური პრობლემა იყო და დაღმართზე დიდი სისწრაფით დაგორდა მანქანა. სავარაუდოდ, მძღოლი ცდილობდა იქ გაჩერებულ მანქანას დაჯახებით შეეჩერებინა მიკროავტობუსი. ადგილს მუხრუჭის ნაკვალევიც ეტყობოდა. 4 იყო ცოცხალი, თუმცა ერთი მალევე გარდაიცვალა. ერთი გოგო ამბობდა, „მცივა, დამეხმარეთო“ – მუშამ გაიხადა ზედა და მიახურა, მეორეს ადიელა ჩამოვუტანე და მივაფარე...“,– იხსენებს ადგილობრივი.
ცნობისთვის: ავარია შატილის გზაზე 23 აგვისტოს მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, 80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ავარიამ 17 პირი იმსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ისინი ერთდღიან ტურში ხევსურეთში იმყოფებოდნენ. სამი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.


