კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 2 სვანეთს უკავშირდება, ერთის ინფიცირების წყარო უცნობია
24/08/2020 07:15:05 საზოგადოება
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 2 სვანეთს უკავშირდება, ერთის ინფიცირების წყარო კი უცნობია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„ორის წყარო არის ლენჯერი, ორი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხუთი შემოტანილია, ანუ იმპორტირებული პაციენტების შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ერთ შემთხვევაზე ეპიდკვლევა გრძელდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1421-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1137 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


