25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
24/08/2020 06:44:41 საზოგადოება
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.
შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულები გვიან ღამით თბილისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც მათი ნათესავები და ახლობლები იყვნენ შეკრებილები.
ავარიის მიზეზად გზაზე გაჩერებული ავტომანქანა სახელდება, რომელსაც მიკროავტობუსი შეეჯახა და 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. კერძოდ, პარლამენტის მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის "ქართული ოცნებიდან" შალვა კერესელიძის ცნობით, მიკროავტობუსი გაჩერებულ ჯიპის ტიპის ავტომანქანას დაეჯახა, რომელშიც მგზავრები არ ისხდნენ და კლდიდან ორივე მანქანა გადავარდა.
კერესელიძის თქმით, გარდაცვლილების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა ერთი კომპანიის წარმომადგენელია. ისინი ორდღიან ტურში აბუდელაურის ტბებზე იმყოფებოდნენ. მათი ტრანსპორტირება ტურისტულმა კომპანიამ "თრეველ.ჯი" უზრუნველყო.
"დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდნილი იყო შატილიდან ბარისახოსკენ მოძრავი "მერსედესის" მარკის მიკროავტობუსი, სადაც იმყოფებოდა 20 მოქალაქე, მძღოლთან ერთად. სამი მოქალაქე მაშველების მიერ ამოყვანილი იქნა მძიმე დაზიანებებით და გადაყვანილ იქნენ შესაბამის დაწესებულებებში. სამწუხაროდ, 17 მოქალაქე გვყავს გარდაცვლილი. გარდაცვლილებიც ამოსვენებულები არიან," - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ.
დაშავებულები გვიან ღამით თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
"სამი ქალბატონია შემოყვანილი კატასტროფის ბრიგადის მიერ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში პოლიტრავმის დიაგნოზით. არის სხეულის მრავლობითი დაზიანებები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არასტაბილური ჰერმოდინამიკა. ორის მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციაში არიან გადაყვანილი, ერთთან მიმდინარეობს კვლევები", - განაცხადა გიორგი მძინარიშვილმა.


