"საქართველოს რკინიგზა" იმ მგზავრებს მიმართავს, რომლებიც ბათუმში, სადგურში დროულად მისვლას უამინდობის გამო ვერ ახერხებენ
23/08/2020 15:30:26 საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა იმ მგზავრებს მიმართავს, რომლებიც ბათუმში, სადგურში დროულად მისვლას უამინდობის გამო ვერ ახერხებენ.
"საქართველოს რკინიგზა" ითვალისწინებს მგზავრების თხოვნას და გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმში უამინდობის გამო მგზავრები ვერ ახერხებენ სადგურში დროულად მისვლას, თბილისის მიმართულებით მოძრავი Stadler Kiss-ის (#807) მატარებელი 19:05-ის ნაცვლად დაიძრება 20:00 საათზე", – აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში".
სტიქიამ ბათუმში პრობლემები შექმნა. ძლიერის წვიმის გამო, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ცენტრალური ქუჩები. ძლიერი წვიმის შედეგად, დღეს მახინჯაურის მონაკვეთი დაიტბორა, რის გამოც ბათუმის მიმართულებით მოძრაობა პრაქტიკულად შეწყდა და მგზავრებს რამდენიმე საათის განმავლობაში მოუწიათ საცობში ყოფნა.
ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმის შესასვლელთან წყალდიდობის გამო შეფერხებული მოძრაობა აღდგენილია. ავტოტრანსპორტის ქალაქში შესვლა უკვე შეუფერხებლად მიმდინარეობს, ქალაქიდან გასასვლელ გზის ნაწილზე კი გადაადგილება ეტაპობრივად დაიწყო.


