თბილისში "შეცვალემ" ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი გამართა
23/08/2020 15:08:15 საზოგადოება
თბილისში მოძრაობა "შეცვალემ" ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეებმა ლიეტუვის საელჩოდან ბელარუსის საელჩომდე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
თავისუფლებისა და სოლიდარობის ცოცხალი ჯაჭვი დღეს მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში მოაწყვეს და ამით ბელარუსში საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ამავე შინაარსის აქცია იგეგმება დღეს ვილნიუსიდან ლიეტუვა-ბელარუსის საზღვრამდე. მოქალაქეები 40-კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას გეგმავენ.
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. მსვლელობა არასანქცირებულია და ქუჩებში ძალოვანებია მობილიზებული, თუმცა როგორც ადგილობრივი მედია წერს, შეტაკებებს მოქალაქეებსა და ძალოვნებს შორის ადგილი არ ჰქონია.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე საათის წინ მომიტინგეები გააფრთხილა, რომ სამამულო ომის მემორიალებისა და ძეგლების დაზიანებას არ დაუშვებენ და ამ ადგილებში წესრიგის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს საქმე ექნებათ „არა პოლიციასთან, არამედ ჯართან“.
თავდაცვის სამინისტრომ ომის მემორიალებთან და მუზეუმებთან ჯარისკაცებიც განალაგა.
ცნობისთვის: მე–15 დღეა ბელარუსში აქციები იმართება. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.
აშშ-მა ბელორუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.


