COVID-19–ს ახალი შემთხვევებიდან 11 სვანეთს უკავშირდება
23/08/2020 08:02:59 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან 11 მესტიის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო ხუთი – იმპორტირებული.
ამრიგად, როგორც გამყრელიძე აცხადებს, ინფიცირების წყარო თითოეულ შემთხვევაში ცნობილია.
„დღეს დილის 9:00 საათისთვის 17 ახალი შემთხვევაა დამატებული. სულ ქვეყანაში კოვიდის 1411 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. აქედან 17-ია ახალი. 11 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს და ლენჯერის კლასტერს, მაგრამ 11-დან ადგილზე მხოლოდ შვიდია დადგენილი, დანარჩენი სვანეთს გარეთ კონტაქტებია.ასევე, 17-დან ერთი ადრე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, დანარაჩენი ხუთი არის იმპორტრირებული შემთხვევა. ყველას წყარო ცნობილია. იმპორტირებულებიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია“, – განაცხადა პირველი არხის ცნობით, ამირან გამყრელიძემ.


