სასწავლო პროცესის განახლებიდან 2 კვირაში ბერლინის 41 სკოლაში COVID-19–ით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა
21/08/2020 17:46:38 მსოფლიო
სასწავლო პროცესის განახლებიდან 2 კვირაში ბერლინის 825 სკოლიდან 41–ში COVID-19–ით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა.
ბერლინის სკოლებში მოსწავლეები ვალდებულები არიან ატარონ პირბადე სკოლის შენობაში გადაადგილებისას და შესვენების დროს, თუმცა გაკვეთილის მსვლელობისას მათ პირბადის მოხსნის უფლება აქვთ. კრიტიკოსების თქმით, გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლემაც და მასწავლებელმაც პირბადე უნდა ატაროს.
გერმანიის გარდა, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ სკოლებში ინფიცირების შემთხვევები აშშ–სა და ისრაელშიც დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში, მათ შორის გერმანიაში კოვიდ–ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად იმატა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 791 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 22 582 000–ს გადააჭარბა, 15 306 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1370-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1108 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


