ლუკაშენკო კვლავ დასავლეთს ადანაშაულებს და ქვეყანაში ვითარების “უახლოეს დღეებში მოგვარების” პირობას დებს
21/08/2020 12:50:06 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ალექსანდრე ლუკაშენკო კვლავ დასავლეთს ადანაშაულებს და ქვეყანაში ვითარების “უახლოეს დღეებში მოგვარების” პირობას დებს.
“ჩვენ ეს ამბავი მოგვიწყვეს. რუსეთსაც ეშინოდა ჩვენი დაკარგვის, ახლა დასავლეთმაც გადაწყვიტა ჩვენი რაღაცნაირად მიქაჩვა – როგორც ახლა ვხედავთ, ცხადია, რუსეთის საწინააღმდეგოდ. ახლა სურთ, გაჭრან ბალტიისპირეთ-შავი ზღვის სანიტარული დერეფანი – ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკა, ჩვენ და უკრაინა. და ჩვენ აქ ერთადერთ რგოლად დავრჩით", - განაცხადა ლუკაშენკომ.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ “გააფრთხილა” მოსახლეობა, რომ მისი წასვლის შემთხვევაში “ყველაფერი ბევრად ცუდად იქნება”:
"ღმერთმა არ ქნას! - ქვეყანა ყალყზე დადგება და ჩამოიშლება. აღარც სამსახური გექნებათ. მერე მე მომკითხვათ პასუხს. ფეხებზე მკიდია ყველა თანამდებობა, მაგრამ ვზივარ და ვფიქრობ: თქვენ რა გეშველებათ, როცა ისინი მოვლენ და ამ ყველაფერს დაიწყებენ?! ყველას ერთიანად, შიგთავსიანად ჩაგიგდებენ ხელში! მერე მე დამიწყებთ წყევლას: "ჩვენ შენ აგირჩიეთ და რატომ არ დაგვიცავიო?”აი, რა მაღელვებს ყველაზე მეტად”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: მე–13 დღეა ბელარუსში აქციები იმართება. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.
აშშ-მა ბელორუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.


