გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელარუსის პროტესტი "პრაღის გაზაფხულს" შეადარა
21/08/2020 06:53:27 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ბელარუსის პროტესტი 1968 წლის „პრაღის გაზაფხულს" შეადარა. მისი თქმით, ბელარუსის მოქალაქეებიც ცვლილებებს მოითხოვენ.
"ბელარუსის ხელისუფლებამ რეალობას უნდა შეხედოს და მიხვდეს, რომ კრიზისიდან გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგით. ევროკავშირი გააგრძელებს ბელარუსის ხელისფლებაზე ზეწოლას", – განაცხადა მაასმა.
ცნობისთვის: მე–13 დღეა ბელარუსში აქციები იმართება. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.
აშშ-მა ბელორუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.


