ჯანმო: "ევროპაში ყოველდღიურად კორონავირუსის დაახლოებით 26 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება"
20/08/2020 17:51:32 მსოფლიო
ევროპაში ყოველდღიურად COVID-19–ის დაახლოებით 26 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის ეპიცენტრი ახლა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებია, თუმცა გლობალურად აღრიცხული ინფიცირებულების 17% ევროპაზე მოდის.
"ბოლო ორ თვის განმავლობაში ვირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მკვეთრ ზრდას განაგრძობს. აგვისტოს პირველ კვირაში ევროპაში ივნისთან შედარებით, 40 000-ით მეტი ახალი ინფიცირებული აღრიცხეს. ეს ნაწილობრივ იმის გამო ხდება, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სოციალური ზომები შემსუბუქდა და მოქალაქეები სათანადო სიფრთხილეს აღარ იჩენენ“, – განაცხადა კლუგემ.
მისივე თქმით, ახალგაზრდები ვირუსის გავრცელების შეჩერებაში უფრო მეტად უნდა ჩაერთონ:
„ახალგაზრდებს არ სურთ ზაფხულის გამოტოვება, მაგრამ ყველა შეშფოთებულია, რომ უფრო მეტი ახალგაზრდაა ინფიცირებული. ბოლო კვლევების მიხედვით, გლობალურად 15-24 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ინფიცირებულთა რიცხვი თებერვლის ბოლოს 4,5% იყო, ივლისის შუა რიცხვებში კი 15 %–ია".
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 791 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 22 582 000–ს გადააჭარბა, 15 306 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1370-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1108 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


