"იძულებული ვართ, დღეიდან შევწყვიტოთ Covid-19-ით და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული პირობების არქონის გამო"
20/08/2020 13:10:04 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ კლინიკამ Covid-19-ით და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა. იგი გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს და ამბობს, რომ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არარსებობას უკავშირდება.
მისივე თქმით, აღნიშნულის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს არაერთგზის ეცნობა.
როგორც ცერცვაძე აცხადებს, ჯერ–ჯერობით გრძელდება აივ/შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღება, რადგან აღნიშნული კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა დიდ რყევებს გამოიწვევდა.
„ვადასტურებთ, ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა „კოვიდ-19“-ით პაციენტებისა და აივ შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს. ისიც ვაცნობეთ, რომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ აივ შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღებას, რადგან ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევდა ძალიან დიდ რყევებს. გაცილებით მეტს, ვიდრე სტაციონარული ავადმყოფების მიღების შეწყვეტა“, – განაცხადა ცერცვაძემ.


