ლიეტუვამ ლუკაშენკოს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
20/08/2020 05:43:00 მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იმ პირთა სიაში შეიყვანა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.
ლიეტუვა ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ლუკაშენკოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის: 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.


