ლუკაშენკომ მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა
19/08/2020 17:57:49 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კვლავ რომან გოლოვჩენკო დანიშნა. პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი 19 აგვისტოს მოაწერა, - იუწყება БЕЛТА.
კიდევ ერთი ბრძანებულებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობის წევრებიც დანიშნა.
აღსანიშნავია, რომ ახალ მთავრობაში პოსტი შეინარჩუნა ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა იური კარაევმა.
ცნობისთვის: მეთერთმეტე დღეა, ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.


