სექტემბერში სანაკრებო საფეხბურთო მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება
19/08/2020 17:20:14 საზოგადოება
უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში სანაკრებო შეხვედრებზე მაყურებლის დასწრება აკრძალული იქნება. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს საერთაშორისო ვიდეოკონფერენციაზე იმსჯელა, რომელშიც მონაწილეობა უეფას წევრი 55 ევროპული ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებმა და მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმაც მიიღეს.
მაყურებლებზე შეზღუდვა შეეხება როგორც ეროვნული, ისე ახალგაზრდული ნაკრებების თამაშებს. შესაბამისად, უკვე დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას ცარიელი ტრიბუნებით დაუხვდება. ასევე გულშემატკივრების გარეშე გაიმართება 4 სექტემბერს გასამართი შეხვედრა საქართველოსა და საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებებს შორის.
ოქტომბერში დაგეგმილი სანაკრებო მატჩების შესახებ უეფა გადაწყვეტილებას სექტემბერში მიიღებს.


