"ბელარუსისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებას ამ დროისთვის ვერ ვხედავთ"
19/08/2020 11:12:38 მსოფლიო
კრემლის განცხადებით, მოსკოვი ბელარუსისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებას ამ დროისთვის ვერ ხედავს. ამის შესახებ კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
რაც შეეხება გავრცელებულ უნფორმაციას, რომლის თანახმად, რუსული სამხედრო ტექნიკა ბელარუსის საზღვრისკენ მიემართება, პესკოვმა შემდეგი განაცხადა:
"რუსული სამხედრო ტექნიკა რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზეა განლაგებული და აქ საკომენტარო არაფერია".
მისივე თქმით, ბელარუსის შიდა საქმეებში გარე ძალების ჩარევის მცდელობას აქვს ადგილი.
"ბელარუსში მიმდინარე მოვლენები ბელარუსის შიდა საქმეა და საკითხი ბელარუსელებმა უნდა გადაწყვიტონ", – დასძინა მან.
ცნობისთვის: მეთერთმეტე დღეა, ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 4 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.


