"გრონდოში უკვე პოლონურ დროშებს ფენენ. ვინც დღეს, განსაკუთრებით უცხოეთში ხმლებს ლესავს, სერიოზულ წინააღმდეგობას შეეჩეხება”
19/08/2020 10:20:00 მსოფლიო
“თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხელისუფლება დაიხარა და წაბარბაცდა, ძალიან ცდება”, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
"ძალიან კარგად ვარ ინფორმირებული ამ აქციების შესახებ. ხალხმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მინდა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნო: თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხელისუფლება დაიხარა და წაბარბაცდა, ძალიან ცდება. ხელისუფლებას ნამდვილად აქვს დასაყრდენი და ჩვენ არ დავიხრებით, ისე გავივლით ჩვენს გზას, როგორც საჭიროა. ვინც დღეს, განსაკუთრებით უცხოეთში ხმლებს ლესავს, სერიოზულ წინააღმდეგობას შეეჩეხება. და ეს ჰაერში გასროლილი სიტყვები არაა. გრონდოში [ქალაქი ბელარუსში, რომელიც პოლონეთისა საზღვართან ახლოს მდებარეობს] უკვე პოლონურ დროშებს ფენენ. ეს დაუშვებელია და მსგავს ქმედებებს კარდინალურად აღვკვეთთ", - დასძინა მან.
ცნობისთვის: მეთერთმეტე დღეა, ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 4 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.


