Accentnews.ge
მალის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა და მთავრობა და პარლამენტიც დაითხოვა

მალის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა და მთავრობა და პარლამენტიც დაითხოვა

19/08/2020 06:12:55 მსოფლიო

სამხედრო ამბოხების შედეგად მალის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბუბაქარ კეიტა გადადგა. მან მთავრობა და პარლამენტიც დაითხოვა. სატელევიზიო მიმართვისას კეიტამ განაცხადა, რომ ხელისუფლების სათავეში დასარჩენად სისხლისღვრა არ სურს.

კეიტა მალის პრეზიდენტის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა.

ამბოხება 18 აგვისტოს მალის დედაქალაქ ბამაკოსთან მდებარე კატის სამხედრო ბაზიდან დაიწყო. შეიარაღებულმა ოფიცრებმა გენერალ კამარას და პოლკოვნიკ დიაუს მეთაურობით, სარდლობა დააპატიმრეს და დედაქალაქისკენ დაიძრნენ. მეამბოხეებმა შტურმით აიღეს სამთავრობო რეზიდენცია და პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები დააპატიმრეს.

ამბოხება „აფრიკის კავშირის“ და „დასავლეთ აფრიკის ეკონომიკური თანამეგობრობის“ ქვეყნებმა დაგმეს. მალის ხელისუფლების პირველი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას მოითხოვდა გაეროც.

მალის ოპოზიციურმა მოძრაობამ, „პატრიოტულ ძალთა გაერთიანებამ“, რომელიც მარტიდან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს მართავდა, მომხდარი შეაფასა არა სამხედროების ამბოხებად, არამედ სახალხო აჯანყებად.

მალიში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ საპარლამენტო არჩევნების დროს ზოგიერთ უბანზე მიცემული ხმები გააუქმა და შედეგად, პრეზიდენტ კეიტას პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნა. ივნისსა და ივლისში აქციები უფრო მასშტაბური გახდა. დემონსტრანტები მოსახლეობის გაღარიბებას, კორუფციის ზრდას და ექსტრემისტული ჯგუფების გააქტიურებას აპროტესტებდნენ და პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მალის ხელისუფლება აქციების დასაშლელად ძალას იყენებდა.

გაეროს უშიშროების საბჭოს 2013 წლის რეზოლუციის შესაბამისად, ევროკავშირი მალიში ახორციელებს მისიას, რომლის მიზანია შეიარაღებული ძალების წვრთნა, რათა მათ ეფექტურად შეძლონ მალის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.

საქართველო მალიში მიმდინარე მისიაში 2016 წლის იანვრიდან მონაწილეობს მეკავშირე ოფიცრით, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ევროკავშირის სხვა მისიებთან და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S