ტრამპის თქმით, პუტინთან ბელარუსის საკითხს "საჭირო დროს" განიხილავს
18/08/2020 14:43:54 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ბელარუსის საკითხს "საჭირო დროს" განიხილავს.
"მსურს ვიხილო დემოკრატია. დემოკრატია ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ბელარუსში არ სჩანს, რომ სათანადო დემოკრატიაა. ჩვენ ვესაუბრებით ძალიან ბევრ ხალხს და დაველაპარაკებით რუსეთსაც საჭირო დროს. ბელარუსში გაიმართა ძალიან მასშტაბური მარში, რომელიც ჩანდა, რომ მეტწილად მშვიდობიანი იყო, განსხვავებით სხვაგან გამართული ე.წ. მშვიდობიანი პროტესტებისგან, რომლის დროსაც მაღაზიები გადაწვეს", – განაცხადა ტრამპმა.
9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.
ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.


