Accentnews.ge
პუტინმა მერკელთან საუბრის შემდეგ ბელარუსის საკითხი მაკრონთანაც განიხილა

პუტინმა მერკელთან საუბრის შემდეგ ბელარუსის საკითხი მაკრონთანაც განიხილა

18/08/2020 12:33:20 მსოფლიო

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ბელარუსში შექმნილი ვითარება განიხილა. შესაბამის ინფორმაციას კრემლის პრეს–სამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევა და მის ხელისუფლებაზე ზეწოლა დაუშვებელია. როგორც კრემლი იუწყება, ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რამდენიმე საათით ადრე მინსკში განვითარებული მოვლენები პუტინმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრის დროსაც განიხილა.

„კანცლერმა და პრეზიდენტმა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია დაწვრილებით განიხილეს. რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ უცხო ძალების მცდელობა, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში, მიუღებელია", - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული სატელეფონო საუბრის თაობაზე ინფორმაცია კანცლერის ოფისმაც გაავრცელა.

"კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსის მთავრობამ თავიდან უნდა აიცილოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დაიწყოს ეროვნული დიალოგი ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან, რათა დაძლიოს კრიზისი", – აცხადებენ კანცლერის ოფისში.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S