"უცხო ძალების მცდელობა, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში, მიუღებელია"
18/08/2020 12:05:20 მსოფლიო
"უცხო ძალების მცდელობა, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში, მიუღებელია", - ამის შესახებ კრემლის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, –რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
„მხარეებმა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია დაწვრილებით განიხილეს. რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ უცხო ძალების მცდელობა, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში, მიუღებელია", - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისივე ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გაუმჯობესდება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სატელეფონო საუბრის თაობაზე ინფორმაცია კანცლერის ოფისმაც გაავრცელა.
"კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსის მთავრობამ თავიდან უნდა აიცილოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დაიწყოს ეროვნული დიალოგი ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან, რათა დაძლიოს კრიზისი", – აცხადებენ კანცლერის ოფისში.
9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.
ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.


