ვუჰანში, საიდანაც პანდემია დაიწყო, აუზის მასშტაბური წვეულება გაიმართა
18/08/2020 11:18:07 მსოფლიო
ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩაკეტილი იყო, ათასობით ადამიანი აუზის წვეულებაზე შეიკრიბა, პირბადეებისა და სოცალური დისტანციის გარეშე.
ვუჰანში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ფესტივალის თითქმის ყველა მონაწილე ერთ დიდ აუზშია.
ვუჰანი სწორედ ის ქალაქია, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა. დანარჩენი მსოფლიო ჯერ კიდევ ებრძვის პანდემიას, რომელიც ჯერ კიდევ იანვარში, ჩინეთში დაიწყო. ვუჰანში კარანტინი აპრილში მოიხსნა. ოფიციალური მონაცემებით, მაისის მეორე ნახევრიდან არც ქალაქ ვუჰანსა და არც ჰუბეს პროვინციაში კორონავირუსის შიდა გადაცემა აღარ დაფიქსირებულა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 777 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 22 000 000–ს გადააჭარბა, 14 797 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1351-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1092 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


