მერკელმა პუტინთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბელარუსმა "პოლიტპატიმრები დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს და ოპოზიციასთან დიალოგი დაიწყოს"
18/08/2020 09:55:56 მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დღეს გამართული სატელეფონო საუბრის დროს ბელარუსში მიმდინარე მოვლენები განიხილა.
"კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსის მთავრობამ თავიდან უნდა აიცილოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დაიწყოს ეროვნული დიალოგი ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან, რათა დაძლიოს კრიზისი", – აცხადებენ კანცლერის ოფისში.
იხილეთ ასევე: ლუკაშენკო ირწმუნება, რომ გუშინ მერკელმა დაურეკა, თუმცა ეს უკანასკნელი აღნიშნულს უარყოფს
9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.
ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.


