სლოვაკეთში ბელარუსის ელჩმა, რომელმაც დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა, თანამდებობა დატოვა
18/08/2020 06:29:43 მსოფლიო
სლოვაკეთში ბელარუსის ელჩმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მინსკში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა, თანამდებობა დატოვა.
„მე ნამდვილად დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. ეს ლოგიკური ნაბიჯია, რამდენადაც მე მოქმედი პრერზიდენტის მიერ ვარ დანიშნული და მოიაზრება, რომ მის მიერ განსაზღვრული პოლიტიკა უნდა გავატარო. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ჩემს მიერ გამოხატული სამოქალაქო პოზიცია ფარგლებს გასცდა“, - განუცხადა იგორ ლეშენიამ სააგენტო TUT.BY-ს.
9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.
ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.


