"ბელარუსში საშინელი ვითარებაა, ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს"
17/08/2020 15:06:07 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბელარუსში ბოლო პერიოდში განვითარებუ მოვლენებს "საშინელს" უწოდებს.
"ბელარუსში საშინელი ვითარებაა, ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს", – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის: 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. 16 აგვისტოს მინსკში ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ლუკაშენკოს მხარდამჭერი, უფრო მცირერიცხოვანი აქცია მინსკის ცენტრში. მან საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე ისაუბრა ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობა გამორიცხა:
"თქვენ ლუკაშენკოს კი არა, პირველ პრეზიდენტს დაღუპავთ. ეს თქვენი დასასრულის დასაწყისი იქნება. მუხლებზე იდგებით როგორც უკრაინასა და სხვა ქვეყნებში და ღმერთმა იცის ვისზე ილოცებთ. ჩვენს კართან ნატო-ს ჯარები მატლებივით ცოცავენ. ლიტვა, ლატვია და პოლონეთი და ჩვენი მშობლიური უკრაინა მოგვიწოდებენ ახალი არჩევნები გავმართოთ. თუ ანკესს წამოვეგებით გვთავაზობენ ახალ ხელისუფლებას - ნატოს სამხედროებს".
9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.
იხილეთ ასევე: ევროკავშირი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ სცნობს და ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობას დაუყოვნებლივ იწყებს
ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.


