„ევექსის“ კლინიკაში აცხადებენ, რომ ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია
17/08/2020 11:11:39 საზოგადოება
კლინიკა „ევექსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც „ევექსის“ რეგიონულმა კოორდინატორმა ტატო თოდუამ განაცხადა, ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია და საკარანტინო სივრცეებში არიან გადაყვანილი.
„გიდასტურებთ, რომ კვლევისას ჩვენს თანამშრომელს დაუდასტურდა „კოვიდ-19“. იგი არის 50 წლამდე ქალბატონი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, ამაზე კვლევა მიმდინარეობს. ინფიცირებული მედიკოსი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. აღნიშნულ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდა და საკარანტინო სივრცეებში გადანაწილდნენ. ტესტირებისას მათ დაავადება არ უვლინდებათ, თუმცა ორი კვირა საკარანტინო სივრცეში დარჩებიან“, – განაცხადა ტატო თოდუამ და დასძინა, რომ ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში 17 ადამიანი იმყოფება.
მისივე თქმით, „კლინიკა ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას. დაუყოვნებლივ მოხდა კლინიკაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენით, ამჯერად რისკი მინიმალურია“.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1341-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1092 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


