იტალია ახალ შეზღუდვებს აწესებს
17/08/2020 08:04:29 მსოფლიო
იტალიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის გამო ქვეყნის ხელისუფლება ახალ შეზღუდვებს აწესებს. დღეიდან იტალიაში დაიკეტება ყველა ღამის კლუბი.
აკრძალვა, სულ მცირე, 7 სექტემბრამდე იმოქმედებს და შეზღუდვა ღია ცის ქვეშ არსებულ დისკოთეკებზეც გავრცელდება.
რაც შეეხება პირბადეების ტარებას, მათი გამოყენება საღამოს 18:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ლუდის ბარების და ბარების მიმდებარე ტერიტორიებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იქნება სავალდებულო.
მაისის შემდეგ პირველად, იტალიაში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. შაბათს ქვეყანაში კორონავრუსის 629 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში Covid-19-მა 35 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 250 000–ზე მეტი შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 773 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 836 000–ს გადააჭარბა, 14 569 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1341-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1092 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


