თურქეთი: "არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ისრაელთან შეთანხმებას ისტორია არასოდეს აპატიებს"
14/08/2020 08:20:03 მსოფლიო
"არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ისრაელთან შეთანხმებას ისტორია არასოდეს აპატიებს", – ასე ეხმიანება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელისა და და არაბთა გაერთიანებულმა საამიროების შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების სრულ ნორმალიზების თაობაზე.
"ისტორია და რეგიონის ხალხი არც დაივიწყებს და არც არასოდეს აპატიებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ამ ფარისევლურ ქცევას, უღალატოს პალესტინის საქმეს მისი ვიწრო ინტერესების გამო", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: 13 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ–ის შუამავლობით არაბთა გაერთიანებული საამიროები და ისრაელი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ისრაელის მიერ დასავლეთი ნაპირის ანექსიის გეგმების გაუქმებასაც ითვალისწინებს.
აშშ-ის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და ისრაელის საერთო განცხადების მიხედვით, დელეგაცია უახლოეს მომავალში შეიკრიბება, რათა ხელი მოაწერონ შეთანხმებას პირდაპირ ფრენებზე, უსაფრთხოებაზე, ტელეკომუნიკაციაზე, ენერგიაზე, ტურიზმსა და ჯანდაცვაზე. ამასთან, ორი ქვეყანა ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ითანამშრომლებს.
შეთანხმება ისრაელის მიერ ანექსიის გეგმებს აუქმებს, თუმცა პალესტინელები, არაბულ სახელმწიფოებს მოუწოდებდნენ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოეხდინათ მანამ, სანამ დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს დაარსების სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევდნენ.
არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის პირველი სახელმწიფოა, რომელიც დიპლომატიურ კონტაქტებს ამყარებს ისრაელთან და მსოფლიოში მესამე არაბული ქვეყანა, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა. 1979 წელს ისრაელმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწია ეგვიპტესთან, 1994 წელს - იორდანიასთან.


