ბრიტანეთმა 6 ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში ვიზიტისას 14–დღიანი სავალდებულო კარანტინი დაუწესა
14/08/2020 07:33:49 მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა 6 ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში ვიზიტისას 14–დღიანი სავალდებულო კარანტინი დაუწესა. მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან, მალტადან, მონაკოდან, არუბადან და ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებიდან ჩასულს მოქალაქეებს 14–დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დააჯარიმებენ.
შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში 15 აგვისტოდან შედის.
აღნიშნულის გამო საფრანგეთი დიდი ბრიტანეთს საპასუხო ზომებით დაემუქრა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველად, Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადება 2 669 ადამიანს დაუდასტურდა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 757 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 000 000–ს გადააჭარბა, 13 925 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1306-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1084 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


