"ვთქვით, "თუ საკვლევ გემს თავს დაესხმებით, ფასს გადაიხდით" და დღეს პირველი პასუხი მიიღეს"
13/08/2020 21:20:37 მსოფლიო
უკვე ვთქვით, ჩვენ საკვლევ გემს თუ თავს დაესხმებით, მაღალ ფასს გადაიხდით და დღეს მათ პირველი პასუხი მიიღეს, – ამის შესახებ თურქული მედიის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის 19 წლის იუბილეზე განაცხადა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში საბერძნეთ-თურქეთის დაძაბულ ურთიერთობებზე თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან ტელეფონით ისაუბრა. ერდოღანმა ანგელა მერკელს უთხრა, რომ თურქეთს რეგიონული პრობლემების გადაჭრა დიალოგის და თანასწორობის საფუძველზე საერთაშორისო სამართლის ჩარჩოში სურს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 14 აგვისტოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ნახშირწყალბადების ძებნის ოპერაცია დაიწყო. საბერძნეთი თურქეთს სუვერენიტეტის შელახვაში სდებს ბრალს. ორი დღის წინ, ეგეოსის ზღვაში ბერძნული ფრეგატი თურქეთის სამხედრო ხომალდს შეეჯახა და დააზიანა. 13 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში Rafale-ის ტიპის ორ ავიაგამანადგურებელსა და საზღვაო ფრეგატ Lafayette- ს გააგზავნის.


