"1 მაისის შემდეგ გერმანიაში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს. უმეტესობა ახალგაზრდაა"
13/08/2020 13:35:46 მსოფლიო
1 მაისის შემდეგ პირველად, გერმანიაში ბოლო 24 საათში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 445 ადამიანი დაინფიცირდა.
"ვითარება შემაშფოთებელია. ბოლო სამი კვირაა მნიშვნელოვნად იზრდება ახალგაზრდების ინფიცირების შემთხვევები. მათი საშუალო ასაკი 34 წელია", – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანია ევროპაში მოწინავე ქვეყანაა, რომელმაც Covid-19–ის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით წარმატებას მიაღწია. თუმცა ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა. სპეციალისტები აღნიშნულს ქვეყნის მოქალაქეების "დაუდევრობასა" და იმპორტირებულ შემთხვევებს უკავშირებენ და მოსახლეობას რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებენ.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 220 000–ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებამ 9000–ზე მეტი პირი იმსხვერპლა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 747 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 812 000–ს გადააჭარბა, 13 714 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1283-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1068 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


