სლოვენიის პრემიერმა პომპეოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ლუკაშენკოს არჩევნების ხელმეორედ ჩატარებისკენ მოუწოდა
13/08/2020 12:47:59 მსოფლიო
სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა ბელარუსის პრეზიდნეტს ალექსანდრ ლუკაშენკოს საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით არჩევნების განმეორებით ჩატარებისკენ მოუწოდებს. განცხადება პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ვფიქრობ, ბელარუსში შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების თანდასწრებით არჩევნების განმეორებითი ჩატარებაა. თუ პრეზიდენტი ლუკაშენკო დათანხმდება ამას, ვითარებას გადაწყვეტდა“, – განაცხადა იანეზ იანშამ.
თავის მხრივ მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ და ევროკავშირი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას იზიარებენ და იმედოვნებს, ერთობლივად შეიმუშავებენ ისეთ მიდგომას, რომელიც ბელარუსი ხალხისთვის საუკეთესო შედეგებს მოიტანს.
ცნობისთვის: 9 აგვისტოს არჩევნების შედეგებს, რომლის თანახმადაც, ლუკაშენკო პრეზიდენტის თანამდებობაზე მეექვსე ვადით რჩება, ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება. მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. ვრცელდება ინფორმაცია ორი დაღუპული მომიტინგის, ასობით დაკავებული და დაშავებულის შესახებ.


