ბრაზილიიდან ჩინეთში იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა
13/08/2020 10:48:04 მსოფლიო
ბრაზილიიდან ჩინეთის ქალაქ შენჯენში იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. თუმცა ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ პროდუქცია რომელ ბრენდს ეკუთვნის.
მისივე ცნობით, ქალაქის ჯანდაცვის სამსახურმა სწრაფად მოიძია ყველა პირი, რომელთაც შესაძლოა, შეხება ჰქონოდათ ბრაზილიიდან იმპორტირებულ ხსენებულ ხორცთან. როგორც ადგილობრივი მედიკოსები აცხადებენ, ყველა საეჭვო პირს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და არც ერთმათგანს დაავადება არ დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ახალი კორონავირუსის საკვებიდან ადამიანზე გავრცელების შანსი ძალიან დაბალია.
"ამ დრომდე მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ პირი ან საკვებით ან საკვების შეფუთვიდან დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით", – აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 747 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 812 000–ს გადააჭარბა, 13 714 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1283-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1068 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


