WHO და UNICEF: "მსოფლიოში 800 მილიონზე მეტ ბავშვს სკოლაში ხელის დაბანის საშუალება არ აქვს"
13/08/2020 07:53:15 მსოფლიო
მსოფლიოში 800 მილიონზე მეტ ბავშვს სკოლაში ხელის დაბანის საშუალება არ აქვს, – ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გაერო–ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივ ანგარიშში.
"პანდემიის პირობებში განსაკუთრებით აუცილებელია სკოლაში ბავშვებს ხელის დაბანის საშუალება ჰქონდეთ და სასწავლო დაწესებულებები სადეზინფექციო საშუალებებით სათანადოდ იყოს აღჭურვილი. თუმცა მსოფლიოს 60 ქვეყანაში გამოიკვეთა ყველაზე მაღალი რისკი როგორც ჯანდაცვის, ასევე ჰუმანიტარული კუთხით. ყოველი 2–დან ერთ სკოლაში წყალი არ არის. მსოფლიოში 818 მილიონ ბავშვს არ აქვს საშულება დაიბანოს ხელები სკოლაში, აქედან 355 მილიონი ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში ცხოვრობს", – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, მსოფლიოში 584 მილიონ ბავშვს სკოლაში სასმელი წყალზეც არ აქვს წვდომა.
"მათი უმეტესობა სუბარჰარის აფრიკაში და შემდეგ სამ ქვეყანაში: ეთიოპიაში, ნიგერიასა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში. პანდემიის პირობებში მთავრობებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ სკოლების სათანადოდ მომზადებას, რათა სასწავლო პროცესი უსაფრთხო იყოს", – ნათქვამია ანგარიშში.
2020 წლის ივნისში WHO–მ და UNICEF– მა წამოაყენეს გლობალური ინიციატივა „ხელის ჰიგიენა ყველასთვის“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ხელის ჰიგიენის დაცვას Covid-19– ის პირობებში.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 747 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 812 000–ს გადააჭარბა, 13 714 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1283-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1068 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


