„ლავროვს ვუთხარი, რომ თუ რუსები ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობისთვის ჯილდოს აწესებენ, უზარმაზარი საფასურის გადახდაც მოუწევთ“
13/08/2020 06:07:54 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, მან რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი გააფრთხილა, რომ თუკი მოსკოვი ავღანეთში ამერიკელი ან დასავლეთის ქვეყნების ჯარისკაცების მკვლელობისთვის ჯილდოს აწესებს, ამისთვის უზარმაზარი საფასურის გადახდა მოუწევს.
„თუკი რუსები ავღანეთში ამერიკელი ან დასავლეთის ქვეყნების ჯარისკაცების მოკვლისთვის ჯილდოს აწესებენ, ამისთვის უზარმაზარი საფასურის გადახდა მოუწევთ. აი, რა ვუთხარი საგარეო მინისტრ ლავროვს. ჩვენ ამას არ მოვითმენთ, არ შევეგუებით,“ - განაცხადა პომპეომ ჩეხეთში ვიზიტის დროს „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივნისში New York Times-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რუსეთის სამხედრო სადაზვერვო დანაყოფი დაჯგუფება „თალიბანთან“ დაკავშირებულ მებრძოლებს ავღანეთში კოალიციის ძალების წევრების, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცების, მკვლელობისთვის ფულად ჯილდოს სთავაზობდა.


