ფაუჩის კოვიდ-საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში ეჭვი შეაქვს
12/08/2020 05:18:55 მსოფლიო
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის კოვიდ-საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში ეჭვი შეაქვს.
"ვიმედოვნებ, რუსებმა ნამდვილად, საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. მე სერიოზულად მეეჭვება, რომ მათ ეს გააკეთეს“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
10 აგვისტოს რუსეთმა მსოფლიოში პირველი კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს მთავრობის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ნ. გამალეის სახელობის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ვაქცინა მაღალ ეფექტურობას აჩვენებს და დამზადდა ცნობილ პლატფორმაზე, რომელზეც კიდევ 6 ვაქცინა მუშავდება.
გადაწყვეტილია, რომ ვაქცინაცია უპირველესად, მედიკოსებსა და ექიმებს ჩაუტარდებათ.
ცნობისთვის: 22 ივლისს ნ. გამალეის სახელობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ დენის ლოგუნოვმა „მედუზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაქცინა ორ კვირაში შეიქმნა. ლოგუნოვის თქმით, ვაქცინის უსაფრთხოება დადასტურდა თაგვებზე, მაიმუნებსა და ზაზუნებზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთს სამეცნიერო მონაცემები ვაქცინის ტესტირების შესახებ არ გამოუქვეყნებია. კრიტიკოსების თქმით, ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მათივე განცხადებით, ვაქცინის უახლოეს მომავალში დამტკიცების გეგმა კრემლიდან წამოსულ ზეწოლას უკავშირდება, რომ რუსეთი "გლობალურ სამეცნიერო ძალად" წარმოჩინდეს.


