აშშ სლოვაკეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას მიესალმება
11/08/2020 08:38:18 მსოფლიო
შეერთებული შტატები სლოვაკეთიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას მიესალმება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მორგან ორტაგუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„შეერთებული შტატები მიესალმება სლოვაკეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომლის მიზანი იმ საფრთხეებისგან თავის დაცვაა, რასაც უცხოელი მავნებელი აქტორები მის სუვერენიტეტს უქმნიან. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნათელი სიგნალი გაგზავნა იმის შესახებ, რომ ის არ შეეგუება რუსეთის პოლიტიკურად მოტივირებულ კრიმინალურ ქმედებებს სლოვაკეთის მიწაზე ან ევროპაში“, - წერს ორტაგუსი.
სლოვაკეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ქვეყნიდან სამი რუსი დიპლომატის გაძევება საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება.
„სლოვაკეთის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, მათი საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა სანქტ-პეტერბურგში მდებარე სლოვაკეთის გენერალური საკონსულოდან გაცემული ვიზების ბოროტად გამოყენების ფაქტს, რასაც ევროკავშირისა და ნატო-ს კიდევ ერთი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი მძიმე დანაშაული უკავშირდება”, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა.
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ევროკავშირში სლოვაკეთის ვიზით გაემგზავრა.
რუსეთში აცხადებენ, რომ სლოვაკეთის ამ ნაბიჯს სათანადოდ უპასუხებენ.


