გამოჯანმრთელებული 44 პირიდან უმეტესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი ქართველი სამხედროები არიან
11/08/2020 08:05:18 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ცენტრებიდან გაწერილი 44 პირიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან.
ავღანეთში ნატო–ს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" მყოფი კოვიდინფიცირებული სამხედროების საქართველოში ჩამოყვანის შესახებ ინფორმაცია პირველად 10 ივლისს გავრცელდა. 10 ივლისს საქართველოში დაბრუნდა 28 კოვიდინფიცირებული სამხედრო, 17 ივლისს კი კიდევ 10. ჯამში ავღანეთიდან საქართველოში 38 ინფიცირებული სამხედრო პირი ჩამოიყვანეს. მათი ინფიცირების წყარო, თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ადგილობრივი ავღანელი პესრონალი იყო.
გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1264-მდე გაიზარდა, მათგან 1054 პირია გამოჯანმრთელებული, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა.
11 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6930 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263.


