მედია – ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, აშშ–ის რიგი მოქალაქეები ქვეყანაში არ შეუშვას
11/08/2020 06:50:51 მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, ქვეყანაში არ შეუშვას აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა მიმართ Covid-19–ით ინფიცირების ეჭვი იარსებებს, – იუწყება "Reuters" ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, შესაბამისი ინიციატივა ამჟამად განხილვის ეტაპზეა და შესაძლოა, მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.
"ფედერალურ სააგენტოებს უკვე მიმართეს, წარმოადგინონ თავიანთი ხედვა აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით. როდის მიიღებენ შესაბამის კანონს ჯერ–ჯერობით უცნობია", – იუწყება მედია.
აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით. ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა, ხოლო დაავადებას 162 000–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 739 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 580 000–ს გადააჭარბა, 13 123 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1264-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1054 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


